Thursday, November 14, 2013

ჩვენი სკოლა


          გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა თავის ისტორიას ითვლის 1917 წლიდან.  სკოლას მაშინ “ვერის მე-7 სასწავლებელი” ეწოდებოდა, რომელიც მოთავსებული იყო სესიაშვილების  კერძო სახლში და ეჭირა სულ ხუთი ოთახი. იმ დროს სკოლის დირექოტრი გახლდათ ქალბატონი სოფიო ვახვახიშვილი
         1921 წელს ვერის მე-7 სასწავლებელი გადაკეთდა მე-18 შრომის სკოლად, რომლის ხელმძღვანელი იმჟერად გახდა სასწავლო ნაწილის გამგე თამარ ხელაშვილი. ამ სახელწოდებით სკოლამ ათი წელი იარსება და 1931 წლის სექტემბერში გადაკეთდა შვიდწლედად. მისი დირექტორი ერთი წლის განმავლობაში იყო ვლადიმერ ქვილითაია, ხოლო 1932 წელს დირექტორად დანიშნეს პარმენ ქაჯაია. ბატონი პარმენი 1943 წლამდე ედგა სათავეში ამ სასწავლებელს, რომელიც მე-18 შრომის სკოლად იწოდებოდა. იმ დროისთვის სკოლა უკვე მეტად პრესტიჟულად ითვლებოდა, მას პარმენის სკოლადაც მოიხსენიებდნენ. სკოლის ცხოვრების ფრაგმენტები გამოყენებულია ქართულ კინოფილმში “ღიმილის ბიჭები”(ფილმი გადაღებულია ცნობილი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის მიერ).
         1931-35 წლებში მე-18 სკოლა შვიდწლედს წარმოადგენდა, 1935 წლის მაისში კი გადაწყდა სკოლისთვის ახალი შენობის აგების საკითხი. ამჟამინდელი შენობის ნაწილი სწორედ მაშინდელი აგებულია, რომელიც მშობელთა შემოწირულობებითა  და  მათ მიერ გაწეული ფიზიკური შრომით მოხერხდა. შენობა სულ ოთხმოცდაცამეტ დღეში აშენდა. პროექტის ავტორი პეტრე დუნდუა გახლდათ, მისი შვილიც ამ სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის აღორძინების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით მაშინდელ მშობლებს, განსაკუთრებით  აღსანიშნავია იმდროინდელი  მშობლეთა კომტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ლეონიძე-ერისთავის ფინანსური თანადგომა.
         1935 წელს სკოლას სახელოვანი ქართველის, დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა, 1943 წელს კი გაიყო ქალთა და ვაჟთა სკოლებად. ჩვენი, მე-18 სკოლის შენობაში დაარსდა ქალთა მე-6 სკოლა, ხოლო ვაჟთა სკოლა განთავსდა 25-ე სკოლის(ამჟამინდელი 53-ე სკოლა) შენობაში და ეწოდა ვაჟთა მე-7 სკოლა. ამავე წელს მას მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელი.
         1943 წლიდან ჩვენს, მე-6(მე-18) სკოლას ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ქეთევან ჩიჩუა. სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში, 1954 წელს, შეერთდა ქალთა და ვაჟთა სკოლები და იმავე წელს სკოლას მიენიჭა 51-ე საშუალო სკოლის სახელი, სულ მცირე ხანში, იმ წელსვე, გადაწყდა სკოლას მინიჭებოდა გალაკტიონ ტაბიძის სახელი, ხოლო 53-ე სკოლას დარჩა ივანე ჯავახიშვილის სახელი.
         ქეთევან ჩიჩუა სკოლას ხელმძღვანელობდა 1943-74 წლებში, 1974 წელს კი სკოლის დირექტორად  დაინიშნა იუზა ჩეჩელაშვილი, ხოლო 1979 წელს-ლალი ზარანდია.
         1986-2005 წლებამდე სკოლას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ინეზა იამანიძე, 2005 წლის თებერვლიდან 2013 წლამდე  სკოლის დირექტორი იყო  ბატონი დავით ლაგვილავა, ხოლო 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე სკოლის ხელმძღვანელია ქალბატონი მანანა თურქაძე.

         სკოლა ცნობილი იყო გამოჩენილი პედაგოგებით, მათ შორის : ელენე შიუკაშვილი, ეკატერინე ბურჟანაძე, ტასო ზაალიშვილი, ანა თუხარელი, სოფიო ფხალაძე, თამარ ერისთავი, თამარ ბუკია, სანდრო მირიანაშვილი, მარიამ თარხნიშვილი, ვერა ამონაშვილი, ვანო მაჭავარიანი, მარიამ ჯარიაშვილი, ვასო აბდუშელაშვილი, თამარ ყაზარაშვილი, ვარო ვარდიაშვილი და სხვები. სკოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პედაგოგებს ჰყავდათ თავიანთი შვილობილი - პოეტი იოსებ ნონეშვილი, რომელიც სრულიად ობოლი შეიფარეს და აღზარდეს სკოლის მასწავლებლებმა თამარ ხელაშვილმა და ვარო ვარდიაშვილმა. პოეტის აღიარებული ლექსი “მასწავლებელი” სწორედ მათ მიმართ აღვლენილი პოეტური სამადლობელია.
         სკოლას ჰყავს საქვეყნოდ ცნობილი კურსდამთავრებულები: გოგი თოთიბაძე, გურამ ასათიანი, მალხაზ ზაალიშვილი, თეიმურაზ ჭანიშვილი, ნანა ხაზარაძე, ნუცა ჩოლოყაშვილი, ირაკლი და ნოდარ ჯანელიძეები, თემურ ჭყონია, თემურ და რამაზ ხუროძეები, გიზო ნიშნიანიძე, ნათელა ურუშაძე, ედიშერ მაღალაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ნუგზარ ბაგრატიონი, ნაზი კილასონია, იოსებ ნონეშვილი,ჰენრი კუპრიაშვილი, ვიოლეტა ცისკარიძე, გ.გოკიელი, ცისანა ტატიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ჯანრი კაშია, ქართლოს ცისკარიძე, მიშა მინდაძე, კოტე გაბაშვილი, მაია რჩეულიშვილი, გიორგი ისაკაძე და სხვები.

No comments:

Post a Comment